ნათია თურნავა: აბასთუმნის მსგავსად, წყალტუბოშიც ძალიან სწრაფად დაიწყება აღმავლობა, ოპოზიცია ნუ ნერვიულობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას სანერვიულო არ აქვს, რადგან როგორც მან აღნიშნა, აბასთუმნის მსგავსად, წყალტუბოშიც სწრაფად დაიწყება აღმავლობა.
„კორონავირუსმა, რა თქმა უნდა, შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ“ ფონდის ქველმოქმედების საფუძველზე და კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ნახეთ, როგორ ხორციელდება ეს აბასთუმანში. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში და ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომლებსაც ახლა, ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდათ თურმე, რა ხდება ახლა წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე რომ, არანაირად არ გაგვიჭირდება ამის შესრულება“, – განაცხადა ნათია თუნავამ.