სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის გაფართოებული შემოწმება ჩატარდა
სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირება განახორციელეს. სოფელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ადგილზე 9 ბრიგადა მუშაობდა. დღეს სოფელ მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.
PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი – ამირან გამყრელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა. ბოლო ინფორმაციით, სოფელ მუშევანში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა.
დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადასცეს.
„ლუგარის ცენტრში სულ გამოსაკვლევად 574 ნიმუშია გადაგზავნილი. მოგეხსენებათ, სოფელი მუშევანი ერთ-ერთია იმ ორი დასახლებიდან, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფელი 25 აპრილს ჩაიკეტა, ჩვენი მოქალაქეები ზრუნვის გარეშე ერთი დღე არ დაგვიტოვებია. ამ დროის განმავლობაში, არაერთი პრევენციული ღონისძიება გავატარეთ, პერიოდულად ვეხმარებოდით მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებს, თუმცა დღეს დავიწყეთ ყველა ოჯახისთვის 100-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება. ყველაფერს აკეთებენ ეპიდემიოლოგები იმისთვის, რომ ამ სოფელში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს და ვიმედოვნებ, მუშევანიც მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.