ხობის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან რატიანს მადლობის სიგელი გადასცა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ედიშერ ჯობავამ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს მადლობის სიგელი გადასცა.
ლევან რატიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში დაიბადა და გაიზარდა. ამავე სოფლის სკოლაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა ფოთის მეორე გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც წარმატებით დაასრულა. ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. იმავე წელს სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომურ სწავლებაში ჩააბარა ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახდა. პარალელურად, სწავლობდა სადოქტორო პროგრამაზე და 2012 წელს მედიცინის აკადემიური დოქტორი გახდა. მან ექიმის კარიერა 2008-2011 წლებში ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმობიდან დაიწყო და საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის კიდეც დაჯილდოვდა.
2010 წელს მაიამის უნივერსიტეტის ჯექსონის სახელობის კლინიკაში შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის კურსები გაიარა. 2011 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომური, უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამის – „პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვა საგანგებო სიტუაციების დროს“ – ავტორი და პედაგოგი. არ დარჩა კლინიკა, სადაც ორმოცდაათამდე სამედიცინო სტატიის ავტორმა, თავისი პროფესიული კვალი არ დატოვა.