სემეკი: გასულ წელს ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა, 32% – რუსეთიდან

“გასულ წელს ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა, 32% – რუსეთიდან”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

„2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 7.8%-ით გაიზარდა და 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს.
2019 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1,627 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7.8%-ით მეტია, ხოლო 2017 წლის მაჩვენებელზე – 8.7%-ით მეტი. რაც შეეხება ექსპორტს, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 243 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლებია. რაც შეეხება საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს ქვეყნების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა, 32% – რუსეთიდან. ელექტროენერგიის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) განხორციელდა თურქეთში, რუსეთში – 24%, სომხეთში – 24%, ხოლო 5% – აზერბაიჯანში. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მნიშვნელოვანი რაოდენობა წინა წლებში (2017 წელს 61% და 2018 წელს 82%) აზერბაიჯანიდან ხორციელდებოდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, როგორც საანგარიშო წელს, ისე წინა წლებში, უმეტესი ნაწილი ხორციელდება თურქეთში,”-აღნიშნულია სემეკის ანგარიშში.
ამასთან, ირკვევა, რომ 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა. სემეკის ინფორმაციით, 2010-2019 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 3.6%-ით, ხოლო შიდა მოხმარება 4.4%-ით იზრდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები