მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რიცხვს 408-ით აჭარბებს.
“სტაბილური სიტუაცია გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ზომიერი, კონტროლირებადი მატება გვაქვს. დაგვემატა მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა და არის 738 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 16-ით გაიზარდა და არის 573. ეს, დაახლოებით, 78 პროცენტია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს 408-ით აჭარბებს.
სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და იქ დადასტურდა.
ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოუყვანიათ, გვყავდა 34, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა ჩვენი კლინიკა. ამ ეტაპზე, 32 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან. იმ 3 მძიმე ავადმყოფის დინამიკა არის გაუმჯობესებული, შეიძლება ითქვას, რომ 3-დან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიკურად გაუმჯობესებულია, სუბიექტური გამოკვლევებით, რადიოლოგიური მონაცემებითაც და კლინიკური გაფართოებული კვლევებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედოობაზე მეტყველებს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.