ირაკლი კოვზანაძე: პანდემიასთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

„მდგომარეობა არაორდინარულია, ყოველ ახალ დღეს რეალობის ახალი სურათი შემოაქვს. ასეთ ვითარებაში ზუსტი პროგნოზის და შესაბამისად ბიუჯეტის რეალისტური პროექტის მომზადებას დრო სჭირდება, ბიუჯეტის თავიდან გაკეთება გვიწევს. შევასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც იყო გაწერილი. ველოდებით ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების პროექტს, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ანტიკრიზისული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა”, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კოვზანაძემ პრემიერ-მინისტრის ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

ირაკლი კოვზანაძე, სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასაც შეეხო და ისაუბრა თუ როგორი იქნება პანდემიის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე და ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილ ცვლილებებზე. „მთლიანობაში კრიზისული მენეჯმენტისათვის და პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენისათვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 9 მლრდ. ლარის ალოკაციას, მათ შორის დაახლოებით 4.5 მლრდ. ლარი საჯარო სექტორის კუთხით, ხოლო 4.5 მლრდ. ლარი კი ბიზნეს სექტორის კუთხით სესხების, გარანტიების და ა.შ. მიწოდების გზით”, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოთხ თვეში საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა ჯამურად 667 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, თუმცა მათი საოპერაციო საქმიანობა ჯერ კიდევ მომგებიანი რჩება. „საქართველოს საბანკო სისტემას გააჩნია საკმარისი კაპიტალიზაციის დონე და ლიკვიდობა რათა დარტყმას გამკლავებოდა და მისცა მათ საშუალება ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად 6 თვით გადაევადებინათ სესხები”-აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები