“საკარანტინე ზონები გაიარა 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ – ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დღეს თავის პროტოკოლებში იყენებს”

“საკარანტინე ზონები გაიარა 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ – ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დღეს თავის პროტოკოლებში იყენებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

პრემიერის თქმით, საკარანტინე ზონები შეიქმნა იმისთვის, რომ კლასტერები არ გაზრდილიყო და მოქალაქეების ჯანმრთელობა დაზღვეული ყოფილიყო.

“საკარანტინე ზონების ნაწილში მინდა, ეკონომიკის სამინისტროს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, როდესაც ჩვენ ელემენტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა უზარმაზარი რისკი. ყველას გვახსოვს ან შეიძლება, დაგვავიწყდა, რადგან ეს ადამიანები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, იტალიიდან შემოსული ინფიცირებულების რაოდენობა და იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან. ეს ხალხი დღეს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს და ეს, პირველ ყოვლისა, იყო ექიმების დამსახურება, მაგრამ ეს კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და ჩვენ სწრაფი და გაურკვეველი ტესტების პირობებში, უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ საკარანტინე ზონების შექმნის გადაწყვეტილება, როგორც ბუფერის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, თუ როგორ გახსნას ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით.

„ამ ვირუსს აქვს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა – ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, საერთოდ, როგორ გახსნას ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, საკარანტინე ზონები ქვეყანაში გაიარა 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ და ისე, რომ არავინ არაფერი იცის. აქ ჩვენ გვყავს საკარანტინე ზონებში 4000-მდე მოქალაქე. ვერცერთი ადამიანი  გამოდის დღეს ისე, თუ არ ჩაუტარდათ მათ PCR ტესტირება და ამ 3 თვის შრომის შედეგია ის, რომ დღეს უკვე ახალი ინფიცირების შემთხვევები, ძირითადად, მოგვდის საკარანტინე სივრცეებიდან. ადამიანები, რომლებიც თავის სამშობლოში მბრუნდებიან ან სახმელეთო, ან საჰაერო საზღვრით, სახელმწიფოს დახმარებით, არიან კომფორტულ პირობებში საკარანტინო ზონებში, რომლის დატოვების შემდგომ მათ უტარდებათ შესაბამისი ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მათ უტარდებათ მკურნალობა. ამიტომ საკარანტინო ზონების შემქნა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი და უნდა ვაღიარო, იყო ის შესაძლებლობა, რომელმაც მოგვცა შანსი, რომ გაურკვევლობის პირობებში, რომელიც შეეხებოდა სწრაფი ტექსტების ეფექტურობა-არაეფექტურობას, მათ შეძენას, მსოფლიოში უამრავი რიგისა და ათასი შარლატანის გამოჩენას, რომლებიც ამ ტესტებს სთავაზობდნენ მთავრობას როგორც სამინისტროების, ისე დეპუტატების და ცალკე ბიზნესმენების დონეზე, ჩვენ ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტი PCR ტესტისა და აბსოლუტურად ეფექტურად მომუშავე საკარანტინე ზონები”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები