უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ბრიტანელი დიპლომატის ოლივერ უორდროპის წერილს აქვეყნებს და დასძენს, რომ გამორჩეულია მისი საქმიანობა ქართულ საქმეში.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მსოფლიო პოლიტიკა და ქართული საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივიდა. ამ ნაბიჯებს, ამ ისტორიას თავისი შემოქმედები ჰყავს, რომელთა შორის გამორჩეულია ბრიტანელი დიპლომატი ოლივერ უორდროპი. ოლივერის პოლიტიკურ, ლიტერატურულ თუ კულტურულ საქმიანობას სრულად ავსებდა მისი და, მარჯორი სკოტ უორდროპი, „ვეფხისტყაოსანისა“ და „განდეგილის“ ინგლისურ ენაზე პირველად მთარგმნელი და ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი.
მარჯორი და ოლივერ უორდროპების ღვაწლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოვლენილი, გამუდმებით მიმდინარეობს ახალი მასალის აღმოჩენა და კვლევა.

“დღეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ის, რასაც 33 წელიწადს ველოდი… შენ მე მელოდები, მაგრამ მე სულაც არ ვნანობ ამ 33-წლიან ლოდინს, რადგან რაც ასე გულით გინდა, მისთვის ყოველთვის ღირს დალოდება… ვერც კი ვაანალიზებ ამას, მე მოვიგე ეს ბრძოლა. ამ საქმისთვის ყველაზე მეტი მეგავაკეთე და აქ ეს ყველამ იცის. ძალიან მინდა, აქ რომ იყო, ჩემით იამაყებდი იმის დანახვაზე, თუ როგორ აფასებს ყველა შენს ქმარს… ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, ცუდად ვარ, მაგრამ ახლა სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევარიგო კავკასიის ხალხები, როგორ შევაჩერო ბოლშევიკების სამხრეთისკენ წამოსვლა… ხომ ხედავ, შენც კი სულ ამ თემაზე გწერ, თავში სულ ეს მიტრიალებს”.
ამ სიტყვებს სწერს გახარებული ოლივერ უორდროპი თავის მეუღლეს, როდესაც ბრიტანელი დიპლომატის ოთხთვიანი მუშაობის შედეგად, 1920 წლის 10 იანვარს, ლორდმა კერზონმა, პარიზში, ანტანტის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, წამოჭრა და გაიტანა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა დეფაქტო აღიარების საკითხი“, – აღნიშნულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალურად იხილეთ: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები