გია ვოლსკი: საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი

“საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციებისთვის ელჩის გამოძახება ნამდვილად არის გარკვეული დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ფაქტორიც არსებობს.

„რაც შეეხება ელჩის დაბარების თემას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის ნამდვილად არის გარკვეული დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, საიდანაც ელჩს იძახებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ თემა, ორმხრივ ურთიერთობაში ეს უსიამოვნო გარემოება, რაც წარმოიშვა ყოფილი პრეზიდენტის გარკვეულ თანამდებობაზე, თუნდაც მეათეხარისხოვანი თანამდებობაზე დანიშვნით, რასაკვირველია, არის თემა, რომელმაც ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს, მაგრამ არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვა თემაც. საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი და, ელჩის მონაწილეობით, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ, რომ ეს სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებიდან გამომდინარე, არანაირად არ იყოს დაზიანებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები