მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა საკარანტინე ზონიდანაა და დადასტურებულ პირთან კონტაქტია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა საკარანტინე ზონიდანაა და დადასტურებულ პირთან კონტაქტია.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 72 პროცენტი გამოჯანმრთელდა.
“დღეს მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გახდა 731. გამოჯანმრთელებული 4 დაგვემატა და არის 526. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა პროცენტულად უკვე 72-ია. დადასტურებული 72 პროცენტი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ეს, დაახლოებით, 26 პროცენტია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია. თითქმის, ორჯერ მეტია, სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობაზე.
ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინე ზონიდანაა, დადასტურებულთან კონტაქტი.
ჩვენს ცენტრში გვყავდა 35, ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 34 დადასტურებული პაციენტი გვრჩება. ახალი პაციენტი არ შემოსულა. სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია. პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად რადიოლოგიური მონაცემების მხრივ მკვეთრი გაუმჯობესება არ გვაქვს, მაგრამ ლაბორატორიული და, ობიექტური მონაცემებით, დინამიკა გაუმჯობესებულია და სამივე პაციენტთან პროგნოზი, ალბათ, კეთილსაიმედო უნდა იყოს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთ მძიმე პაციენტთან უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობა მოხდა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო.
“ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.