მარინა ეზუგბაია: ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და ამან შედეგი გამოიღო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და ამან შედეგი გამოიღო.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს.
“ჩვენს ცენტრში გვყავდა 35, ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 34 დადასტურებული პაციენტი გვრჩება. ახალი პაციენტი არ შემოსულა. სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია. პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად რადიოლოგიური მონაცემების მხრივ მკვეთრი გაუმჯობესება არ გვაქვს, მაგრამ ლაბორატორიული და ობიექტური მონაცემებით დინამიკა გაუმჯობესებულია და სამივე პაციენტთან პროგნოზი, ალბათ, კეთილსაიმედო უნდა იყოს.
ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.