პოლიციამ ტყიბულში ბოლო დროს მომხდარი ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 2 პირი და ბრალდებულები დანაშაულებს აღიარებენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი: 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში მიმდინარე წლის აპრილ-მაისში სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა კუთვნილი ხუთი საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული თავისუფლების სამიდან ათ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.