პროკურორი: სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, თუმცა არ დაგვეთანხმა, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მიმალვა

 

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, ბასილაშვილს გირაოს სახით 100 000 ლარი შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, გირაოს გადახდის ვადა 30 დღეა.

„ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა და სწორედ ამ მტკიცებულებებით მოითხოვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა. სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მიმალვა. თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და დაადგინა, რომ რეალურად არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი, მტკიცებულებათა ერთობლიობა. გირაო აქვს შეფარდებული 100 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე. გამოძიების ინტერესიდან და არასრულწლოვანის ინტერესიდან გამომდინარე ბრალდების მხარე მტკიცებულების შინაარსობრივ ნაწილში ვერ შევა, თუმცა ჩვენ სრული ის მტკიცებულებები, რაც არსებობდა გადავეცით როგორც სასამართლოს, ასევე დაცვის მხარეს. ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს. ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური ძალადობისთვის არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. 16 ივლისს საქმეზე ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომა და ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომამდე მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები