არჩილ ნიკოლეიშვილი სოფელ ბოსლევში, წაბლნარ კორომებში სანიტარული ჭრების მიმდინარეობას გაეცნო
“ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევში, წაბლნარ კორომებში სანიტარული ჭრების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო”,- ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
“იმერეთის რეგიონში წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტის ირინა მაციახის, გასულ წელს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სანიტარული ჭრისთვის 43 ჰა ფართობზე დაავადებული ხეები მოინიშნა. ხოლო ჭრის განხორციელების შემდეგ დაიწყება ბიოლოგიური კონტროლის მეთოდის ტესტირება – ტერიტორიაზე ჰიპოვირულენტური შტამების შეტანით. რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდება როგორც დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების გამოყენება, ასევე ტყის აღდგენისა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ქმედებები. მნიშვნელოვანია, რომ სანიტარულ ჭრებსა და ბიოლოგიური კონტროლის სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული.
წაბლის (Castanea sativa Mill.) ხმობის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის (ისევე, როგორც ევროპისთვის) ბევრ წელს ითვლის. ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მაშინდელი მკვლევარების თანახმად ხმობა ე.წ „მელნისებრი ავადმყოფობით“ იყო გამოწვეული.
დაავადების წინააღმდეგ გამოსაყენებელ მეთოდებსა და ეფექტურ საშუალებებზე მეცნიერები დღემდე მსჯელობენ, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილებით, ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.