საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიღებას აქტიურად განაგრძობს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებებით: 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად, მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით; 120 მილიონი ევრო – მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისკენ.
ხელშეკრულებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა – ივანე მაჭავარიანმა,
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა – გაელლე ასაიაჟმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში – დიეგო კოლასმა მოაწერეს​.
აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
​საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები