გერმანიის საგარეო უწყება რუსეთს “ღია ცის” შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ღია ცის” შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამს და რუსეთს მისი სრულ შესრულებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხაიკო მასის განცხადებაშია ნათქვამი.
“შეთანხმება შეიარაღების კონტროლის ევროპული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ბოლო წლებში ვხედავთ რუსეთის მხრიდან შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მაგრამ, ჩვენი აზრით, შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას არ ამართლებს”, – განაცხადა მასმა.
დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა შეთანხმების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა აშშ-მა მიღებული გადაწყვეტილება შეცვალონ.
დღეს აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნატო-ში საგანგებო სხდომა გაიმართება.
შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად აშშ ასახელებს რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების -” აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას.
ამასთან, როგორც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, შეთანხმებიდან გასვლის გადაწყევტილება ძალაში მხოლოდ 6 თვეში შევა.