აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს – ფასდაკლების ბარათები ეტაპობრივად გაიცემა
შიდა ქართლში შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ადგილზე გაეცნო.
მინისტრის პირველი მოადგილე რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ ილია თამარაშვილთან, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძესა და კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორ ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„იმ შეღავათებით სარგებლობას, რაც სახელმწიფოს მიერ იქნა განსაზღვრული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიიღებენ, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, 20 მაისიდან, „სოკარის” ავტოგასამართ სადგურებზე ფერმერები სახელმწიფო შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს “ლიბერთი ბანკის” ფილიალებიც.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციასა და დაზუსტებას.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1-ელი ივნისიდან – მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათები გაიცემა პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში – დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.
პირველ ივლისამდე ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე – არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.