უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულმა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინებელმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინებელი მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომისია, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების მიზნით, წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს და შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობისთვის უსაფრთხოების სფეროს რელევანტური აქტორების საქმიანობის კოორდინაციას გაუწევს.

კომისიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს, ხოლო წევრები რელევანტური აღმასრულებელი უწყებებიდან არიან წარმოდგენილი. ამასთან, კომისიის საქმიანობაში გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობა.

კომისიის სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა, ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების მნიშვნელობას, რადგან ისინი არსებული ფორმით უსაფრთხოების თანამედროვე გარემოსა და მასთან დაკავშირებულ, აქტუალურ გამოწვევებს სათანადოდ არ ასახავს.

ამასთან, სხდომაზე, კონცეპტუალური დოკუმენტების გადახედვის მიზნით, შესაბამისი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების (ექსპერტულ დონეზე) შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებიც სექტორული უწყებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები