პარლამენტში მედიის წარმომადგენლებმა მუშაობა COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლეს

საქართველოს პარლამენტი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ ხსნის. დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებმა მუშაობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლეს.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჟურნალისტებს შენობაში შესვლისას უტარდებათ თერმოსკრინინგი. შენობაში აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა. შენობის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია დეზობარიერები და ხელების სადეზინფექციო სითხეები. შენობაში, ასევე, პერიოდულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

“ამასთან, რესპონდენტებთან კომუნიკაციისას დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია.

 

პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ადგილმდებარეობა (C კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლების რესპონდენტებთან კომუნიკაციისას, ასევე, დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას მათ, ტრადიციულად, მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში დაიკავეს ადგილი.

ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე, ბრიფინგებისა და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.parliament.ge”, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები