მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისის წყაროა, შვიდი კი საკარანტინე სივრცეში მყოფი ადამიანია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 7 კი საკარანტინე სივრციდანაა.
ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეაფასა.
“გუშინდელი მონაცემებით, გვყავდა 713 დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ რვა ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ახლა გვყავს 721. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც ათით გაიზარდა, იყო 475 და გვყავს 485. ამ ეტაპზე, კოვიდსტაციონარებში მკურნალობს 224 პაციენტი. კვლავ, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა აჭარბებს სტაციონარებში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს 249 შემთხვევით. ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის წყარო, დანარჩენი შვიდი არის საკარანტინე სივრციდან, იქ ჩატარებული ტესტირების შედეგად დადასტურებულები.
გუშინ ჩვენთან შემოვიდა 11 დადასტურებული შემთხვევა. ეს წინა დღეების დადასტურებული შემთხვევების გადმოყვანა მოხდა ჩვენთან. 11 შემთხვევიდან რვა არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. დანარჩენი სამი შემთხვევა საკარანტინე სივრციდან არის ჩვენთან გადმოყვანილი. ამ ეტაპზე გვყავს 36 დადასტურებული ჩვენს კლინიკაში და სამი არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა ახლა ტარდება. ამ რვა ახალი შემთხვევიდან ორი შემთხვევა არის მძიმე. კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. დღეს გაფართოებული კვლევები ჩატარდება, შეფასდება ეს ყველაფერი და საბოლოო მონაცემებს შემდგომში ვიტყვით. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია. არის მაღალი ასაკის პირებიც და არის საშუალო ასაკიც“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.