ამირან გამყრელიძე: საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია.
„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან. ზოგადად, „პისიარ“ ტესტირება ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე, აქედან დაახლოებით 3000 არის განმეორებითი ტესტირებები, როდესაც ადამიანები ეწერებიან. პროტოკოლით ორჯერ უნდა გაკეთდეს გაწერის წინ 24 საათში ტესტირება და შემდეგ ასევე დადგენილია, რომ კარანტინიდან მე-13, მე-14 დღეს. რაც შეეხება გაწერას, ქვეყანაში 475 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ეს არის 67 პროცენტი მთლიანად ინფიცირებულებისა, რომელიც პრინციპში კარგი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, გვაქვს სიკვდილიანობის 12 შემთხვევა. ეს არის 1.68 პროცენტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.