პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილის გამოსვლას კამათი მოჰყვა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის” განხილვისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.
კერძოდ, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თუ კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არსებობს, შესაძლებელია, კონკრეტული პირები პარლამენტში დაიბარონ და ამ კითხვებს პასუხი გაეცეს.
ამასთან დაკავშირებით ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ და „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა მას მიუთითეს, რომ პარლამენტში მინისტრი სამჯერ იყო დაბარებული, თუმცა, უშედეგოდ. ლევან კობერიძის თქმით, ასეთი შეთავაზება „სასაცილოდ ჟღერს.“
„მშვიდად, მე გისმენდით,“ – უპასუხა ანრი ოხანაშვილმა.
თავის მხრივ, ლევან კობერიძემ ანრი ოხანაშვილს მოუწოდა – „დამრიგებლურ ტონს შეეშვას“.
კომიტეტის წამყვანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობის ნიშნები შეიტყობა, გთხოვთ თქვენში არსებული რესურსების მობილიზებას. ვიცი, რომ ყველა მოწადინებულები ვართ, საკითხი გაირჩეს ბოლომდე”, – აღნიშნა ლადო კახაძემ.