კახა კუჭავა: ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იქნებოდა საუკეთესო ასეთი პოლარიზებული მდგომარეობის განმუხტვისთვის

“ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იქნებოდა საუკეთესო ასეთი პოლარიზებული მდგომარეობის განმუხტვისთვის”, – ამის შესახებ „რუსთავი 2″-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები კითხვებს არ სვამენ იმასთან დაკავშირებით, დანაშაული იქნა თუ არა ჩადენილი.

„ოპოზიციას უნდა გადაიჩრდილოს ის პოზიტივი, რომელიც გუშინ იგრძნობოდა. პირველ ყოვლისა, პოზიტივი არის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ორი პატიმრის შეწყალების თაობაზე, რომელიც იყო ამ დაპირისპირების და სპეკულირების საგანი. ევროპარლამენტარები კითხვებს არ სვამენ იმასთან დაკავშირებით, დანაშაული იქნა თუ არა ჩადენილი. პირველ ყოვლისა, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ და სურთ, რომ პოლიტიკურად ის ძალიან სტაბილური იყოს. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იქნებოდა საუკეთესო ასეთი პოლარიზებული მდგომარეობის განმუხტვისთვის”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მარტივი და სწორი შეთავაზება ფაქტების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით, რაც ევროპარლამენტარებმა ძალიან კარგად მიიღეს.

„ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ მანამ, სანამ კოვიდ ვირუსისის ეპიდემია დაიწყებოდა და ჩაიკეტებოდა საზღვრები. მანამდე თვენახევარი დრო იყო. ოპოზიციას უნდა მოეწადინებინა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოსულიყვნენ ევროპარლამენტარები, რათა დადგენილიყო სიმართლე. რაც უნდა ვისაუბროთ, ორივე მხარე არის სუბიექტური. სწორედ ეს იყო ფაქტების დამდგენი კომისიის მიზანი”, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები