თბილისის მერია ქეთევან წამებულის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
“ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ქეთევან წამებულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, უახლოეს მომავალში იქნება ხელშეკრულება გაფორმებული და უშუალოდ დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 13 მილიონი ლარია.
„ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ქეთევან წამებულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, უახლოეს მომავალში იქნება ხელშეკრულება გაფორმებული და უშუალოდ დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება. ეს არის, დაახლოებით, 2 კილომეტრამდე მონაკვეთი. ქუჩა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, არის ჩავარდნები და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. საჭიროა საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, ახალი წყლის სისტემის ჩაგდება მიწის ქვემოთ, ასევე გაზის კომპანია იმუშავებს ამ მიმართულებით. მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს მთლიანად. ჩვენ „ჯივიპისთან“ გვექნება საუბარი ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვთ, თუმცა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სამუშაოების განხორციელება, რაც თან ახლავს ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ პროექტის ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგება ტროტუარები, ახალი განათების ბოძები იქნება დამონტაჟებული თავისი ლედსანათებით. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 13 მილიონი ლარია“, – განაცხადა კალაძემ.