სალომე ზურაბიშვილი: უგულავა – ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მივიღე, გადაწყვეტილება გაჟღერებამდე კი პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და ივანიშვილს შევატყობინე
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
“სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და “ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს,”- განაცხადა პრეზიდენტმა “რუსთავი-2-თან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული პოლიტიკოსები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე დღის წინ შეიწყალა.