ქეთევან ციხელაშვილი: გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე
“გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ძალისხმევა გაგრძელდება.
„დღეს ოთხი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რამაც სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი შეძრა. მისი შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ არ ვაპირებთ მოვდუნდეთ და შევეგუოთ იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. ეს არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღის წესრიგში, მოლაპარაკებების ყველა ფორმატში, ვიდრე ეს მიზანი არ იქნება მიღწეული. რთულია, რამით ანუგეშო მისი ოჯახის წევრები. დედა, ქალბატონი ჯულიეტა, მისი მეუღლე ნინო და ძალიან ნიჭიერი და საყვარელი პატარები, ქეთი და აკაკი. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა მათ მიმართ. მათ იციან, რომ გიგა არის გმირი და მქონდა პატივი, მისი ოჯახისათვის, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გადამეცა მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის – იმისთვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს, აღარ დაობლდეს არცერთი ოჯახი და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რასაც გიგა და არაერთი გმირი შეეწირა. აუცილებლად გავაგრძელებთ ძალისხმევას ოკუპაციის დასრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.