სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 600-მდე ოჯახი სასმელ წყალს ინდივიდური ონკანების საშუალებით მიიღებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 600-მდე ოჯახი სასმელ წყალს მალე ინდივიდური ონკანების საშუალებით მიიღებს. სოფელში სასმელი წყლის სისტემის მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
“პროექტის მიხედვით, წყალსადენის ახალი ქსელი ტინისხიდის ყველა უბანში მოეწყობა და ყოველ ოჯახში წყლის მრიცხველი დამონტაჟდება. სოფელში სასმელი წყალი ათეული წლების მანძილზე პრობლემად რჩებოდა. დღემდე ადგილობრივების უმეტესობა წყალს გორიდან ეზიდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ. ტინისხიდის სასმელი წყლის მოწყობის პროექტი, რომლის ღირებულება 740 ათასი ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.