ახალციხეში, მთა რაკისის საზაფხულო საძოვარზე 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წელი მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ნ.ფ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მთა რაკისის საზაფხულო საძოვარზე ნ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ბ.ბ.-ს დანით გულ-მკერდისა და ზურგის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ს.ბ.-ს ყელში უჭერდა ხელს და ცდილობდა მისთვის გულ-მკერდის არეში დანით დაზიანების მიყენებას, თუმცა, დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო, დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.ბ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2019 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნ.ფ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.