მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს.

„დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ინფიცირების 702 შემთხვევა გვყავს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით და 456-ს შეადგენს. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. უკვე სხვაობა კარგად გაიზარდა და გამოჯანმრთელებულები 210-ით აჭარბებს. ეს ახალი შემთხვევა ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ჩვენთან 30 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია, გამოჯანმრთელებული გუშინ მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავდა, სხვა სიტუაცია უცვლელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თვითშეზღუდვები დაიტოვონ და გარეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები