ზუგდიდის ლაბორატორიაში 91 პირს კოვიდინფექცია არ დაუდგინდა
NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 91 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, აქედან 8 ტრაილერის მძღოლის კონტაქტია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, 91-ვე პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
მათივე ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 68 პირი იმყოფება. რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 204 პირია თვითიზოლაციაში, ხოლო ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 920 პირს მოეხსნა.
ბოლო მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, ე.წ. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ოთხი პირი დაჯარიმდა.