დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით,  5 მაისის შემდეგ ეტაპობრივად განახლდა. სამშენებლო კომპანიები ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით აგრძელებენ შესაბამის საქმიანობას.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ბესიკ ბიჩნიგაური   ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან – იოსებ ღარიბაშვილთან ერთად დაბა ჟინვალსა და დუშეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

“დაბა ჟინვალში გრძელდება  საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც შპს „საგზაო 7“ ახორციელებს.  პროექტის ღირებულება 373 470 ლარია. დუშეთში დაიწყო N1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც კეთილმოეწყობა როგორც  შენობის შიდა ინტერიერი, ისე სკოლამდელი აღზრდის ფილიალის ეზოც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბესიკ ბიჩნიგაურის თქმით, პროექტი ითვალისწინებებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი   სკოლამდელი აღზრდის სივრცის ფორმირებას და ეს პროცესი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

მერიის ინფორმაციით, დუშეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს, სადაც მიმდინარეობს მოასფალტებისა და ბორდიურების მოწყობის პროცესი. სამუშაოებს შპს “როუდ სოლუშენი” აწარმოებს.

აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები