გიორგი კახიანი: ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შეთანხმების ერთგულნი ვართ, იმედი მაქვს, ოპოზიციაც მხარს დაუჭერს
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვართ ერთგული შეთანხმების, იმედი მაქვს, ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსესუსი ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი.
„ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ძალიან მალე არის არჩევნები და ის თემა, რაზეც არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა იქნეს ბოლომდე მიყვანილი, კერძოდ, შეთანხმების დეტალები უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვართ ერთგულნი იმ შეთანხმებისა, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს სასამართლომ არ შეცვალა ნიკა რურუასთვის აღკვეთი ღონისძიება, არ შეიძლება, გახდეს ოპოზიციის მხრიდან ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
„ამ შემთხვევაში, ოპოზიციაში ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს, იმიტომ, როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მხრიდან ექნება მხარდაჭერა ამ ინიციატივას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომაც” ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ, იმიტომ, რომ არდაჭერის შემთხვევაში ეს იქნება მათი მხრიდან შესაბამისი პასუხისმგებლობა და საუბარი იმაზე, რომ ვინაიდან დღეს სასამრთლომ არ შეცვალა აღკვეთი ღონისძიება, ეს შეიძლება გახდეს ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ, საბოლოოდ, მაინც მხარდაჭერა ექნება სრულად ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივას”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.