მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 3 უკავშირდება ბოლნისის კლასტერს, 3 კი ზუგდიდში დადასტურებული პირის კონტაქტებია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 3 კი ზუგდიდში დადასტურებული პირის კონტაქტებია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში 1 ახალი პაციენტი მოათავსეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალოზე მსუბუქია.

“6 ახალი შემთხვევიდან 3 უკავშირდება ბოლნისის კლასტერს, 3 კი ზუგდიდში დადასტურებულის კონტაქტებია. ისეთი ახალი პაციენტი არ გვყავს, რომლის წყაროც უცნობია. ჩვენს ცენტრში ამ 6 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ 1 პაციენტი მოთავსდა და ჩვენ გვყავს 31 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 7-დან 2 ჩვენი პაციენტია. 1 პაციენტი გვყავდა კრიტიკული, რომელიც უკვე – როგორც კრიტიკულს – აღარ მოვიხსენიებთ, ეს არის მძიმე ინტენსიური პაციენტი იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, შემცირებულად, მაგრამ მაინც მოიხმარს ჟანგბადს, ამიტომ მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ინტენსიური სიმძიმით ფასდება, ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს, ჯერ პროგნოზირება შეუძლებელია. გვყავს მხოლოდ 1 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც დინამიკაში დასტაბილურებულია და აღარ პროგრესირებს და დანარჩენი პაციენტების ძირითადი რაოდენობა საშუალო სიმძიმის არის. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. 2 არასრულწლოვანი გვყავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები