12 წლის ჟურნალისტი გურიიდან – “ტვ მეორე”-ს დაარსების ისტორია და სამომავლო გეგმები

ავთო ხომერიკი 9 წლის იყო, შრომაში, საკუთარ სახლში, თავის მეგობრებთან ერთად, ტელევიზია რომ დაარსა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა  ჟურნალისტობაზე მეოცნებე ბავშვებმა ახალი ამბების ჩანაწერი გააკეთეს, პირველ ვიდეოს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე აამუშავა საკუთარი ტელევიზია ავთუკამ. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ტელევიზია კი დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.

„ტვ მეორე 2017 წლის 13 სექტემბერს დაარსდა და პირველი გადაცემა მარიამმა წაიყვანა, დაუგეგმავი გადაცემა იყო და ისე, უბრალოდ, ჩამოვწერეთ კითხვები და გადავიღე. თავიდან არ მინდოდა საინფორმაციოს ჩაწერა ჯერ და 24 სექტემბერს გავიდა პირველი საინფორმაციო გამოშვება. მალევე დაინტერესდნენ ჩემი მეგობრებიც, შემომთავაზა ჯერ ლუკამ, მერე მარიმ, სანდრომ, მეორე მარიმ, ანანომ და ასე გავხდით დიდი გუნდი. ჩვენი არხი გურიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე მუშაობს, გვაქვს საინფორმაციო გამოშვება, ამინდის პროგნოზი და სხვა გადაცემები“, – უყვება “რეგიონულ კვირას” ავთო ხომერიკი.

ტელევიზიას სახელიც დაარქვა – “ტვ მეორე”, ყველა იმ საჭირო კომპონენტზე იზრუნა, რაც ნამდვილ ტელევიზიას სჭირდება, სტუდია საკუთარ სახლში მოაწყო, დაამზადა საინფორმაციოს ბანერი, ლოგო, მიკროფონი, აქვს ტელევიზიის გვერდი “ფეისბუკზე” და მასალებს ვორდპრესის პლატფორმაზე ტვირთავს, რასაც შემდეგ სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებს. მის ვიდეოებს საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს.

ინფორმაციას პატარა ჟურნალისტები ინტერნეტში იძიებენ, წერენ ტექსტებს, აკეთებენ ვიდეოებს და ასე ამზადებენ საინფორმაციოს.

„ინფორმაციას ხშირად მე ვიძიებ, თუმცა ჩემი მეგობრებიც მეხმარებიან და შემდეგ უკვე ერთად ვმსჯელობთ მასზე. ლოგოც და ბანერიც ჩემი იდეით არის გაკეთებული, “ტვ მეორე”-ს სახელიც ჩემი ინიციატივა იყო, რადგან სანამ “ტვ მეორეს” გავხსნიდი, მანამდე მქონდა გვერდი, სადაც ფოტომასალებთან ერთად ვდებდი ინფორმაციებს. დიდი ხანი არ გაგრძელებულა რაც ის ფუნქციონირებდა, მალევე გადავწყვიტე, ინტერნეტტელევიზია შემექმნა. დავარქვი “ტვ მეორე”. ინფორმაციებს ინტერნეტის საშუალებით ვიძიებთ, ყოველდღიურად ვერ ვახერხებთ, რომ გავაკეთოთ საინფორმაციო, სკოლის გაკვეთილებიდან გამომდინარე, როცა გვაქვს თავისუფალი დრო, ვიკრიბებით და ვიღებთ გადაცემებს”, – ამბობს ავთუკა.


დღეს ჩაწერის დღეა. რაც საქართველოში კორონავირუსის პანდემიაა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები ამოქმედდა, პატარა ჟურნალისტები სახლიდან მუშაობენ. ავთუკა ჩაწერისთვის ემზადება, საგრიმიორო თავის ოთახში აქვს მოწყობილი და ბოლო დეტალებს ამოწმებს. ივარცხნის თმას, ისხამს სუნამოს, იკეთებს მაჯის საათს და ირგებს პიჯაკს, როგორც ნამდვილი წამყვანი, ნამდვილ ტელევიზიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი ბავშვების მიერ შექმნილი ტელევიზიის  მამოძრავებელი ძალა ავთოა, აქ ყველას თავისი საქმე აქვს – სპორტის წამყვანი ოპერატორობასაც ითავსებს, ამინდის პროგნოზის წამყვანი კი ჩართვის ჟურნალისტებს ტექსტებს უსწორებს და ასე მუშაობს გუნდი.

„დღეს პირველად შევიკრიბეთ აქამდე, სახლებიდან, დისტანციურად ვმუშაობდით. ვიდეოებს მიგზავნდნენ, მე ვამონტაჟებდი. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა, რაც კორონავირუსია საქართველოში. დამფუძნებელი ვარ, წამყვანი, მონტაჟსაც ვითვისებ, ოპერატორობასაც, ზოგჯერ ტექსტსაც მე ვუწერ, როცა დრო არ გვაქვს“, – ამბობს “ტვ მეორე”-ს დამფუძნებელი.

საინფორმაციო გამოშვების დროს ავთუკა ბანერთან დგას, თავისი ადგილი აქვს სპორტის წამყვანს, რეპორტიორებს, ამინდის წამყვანი კი მუდამ გარე ხედიდან ერთვება. ამისთვის მათ ერთი ადგილი აქვთ ეზოში შერჩეული, სადაც მარი მაყურებელს უახლოესი დღეები ამინდის პროგნოზს აცნობს.

ავთუკას ყველაფერი თავისით აქვს ნასწავლი. უყურებს ვიდეოებს, საინფორმაციოებს, აკვირდება სტილს, იმას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს წამყვანი და ქმნის საბოლოო პროდუქტს. ამბობს, რომ როცა ამ ყველაფრის კეთება დაიწყო, ტელეფონით უწევდათ მუშაობა, ახლა კი ვიდეოს ციფრული აპარატით იღებს.
„უფრო მეტად ვიდეოებს ვუყურებ, როგორ კეთდება. ვაკვირდებოდი, წამყვანს როგორ უნდა ეცვას, ქუდი, მუსიკა როგორი უნდა იყოს. ნელ-ნელა ვისწავლე და ასე შევქმენი ეს ტელევიზია, ეს ყველაფერი ჩემი გაკეთებულია.
თავიდან ამ ვიდეოების გაკეთება ტელეფონით დავიწყეთ, შემდეგ უკვე ვიყიდეთ პლანშეტი. შემდეგ ბაბუაჩემმა ფოტოაპარატი მიყიდა და ახლა კამერით ვიღებთ“, – გვიყვება ავთო. 

ავთო ხომერიკი მომავალი ტელეწამყვანია, გეგმავს, რომ სანამ სწავლას გააგრძელებს, მანამდე თავის შექმნილ ტელევიზიაში იმუშაოს.
„ვგეგმავ, რომ ტელეწამყვანი ვიყო, ჯერჯერობით, გავაგრძელებ “ტვ მეორე”-ში მუშაობას. დავაარსებ თუ არა ტელევიზიას, ეს ჯერ არ გადამიწყვეტია”, – ამბობს ხომერიკი.

„რეგიონული კვირის“ სტუმრობამ პატარა ჟურნალისტებს გაახარა, სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

 

 

თათია სამსონიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები