96 წლის ზექიე თურმანიძე მაღალმთიანი აჭარიდან, რომელსაც 162 შთამომავალი ჰყავს
8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვლისშვილი – ეს ზექიე თურმანიძის შთამომავლობაა.
96 წლის მოხუცი ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს. ასაკის მიუხედავად თავს მხნედ გრძნობს. ის მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი უხუცესი არაა. “რეგიონულმა კვირამ” უკვე შემოგთავაზათ თვითრეალიზებულ 100 წლის ქალებზე რეპორტაჟი.
ზექიე სიბერეშიც ახალგაზრდული მხნეობის მთავარ ფორმულად ჯანსაღ საკვებსა და მთის ჰაერს ასახელებს.
მოხუცი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ უნიკალური მიწისა და ბუნების წყალობით, ბევრი სირთულე გადაუტანია. იხსენებს ყველაზე რთულ პერიოდსაც, როდესაც საკვები პროდუქტის დეფიციტი იყო, თუმცა მადლიანი ბუნებისა და მთის ხალხის დახმარებით ადგილობრივებს ამ მხრივ შედარებით კარგი პირობები ჰქონდათ. ასევე იხსენებს 96 წლის განმავლობაში, ყველაზე ტკბილ – 76 წელს, რომელიც თავის მეორე ნახევართან ერთად გაატარა. როგორც თავად ამბობს, არც ერთი დღე, არც ერთი ღამე ზექიესა და ხასანს ერთმანეთის გარეშე არ გაუტარებიათ. მიუხედავად ცხოვრებისეული ტკივილებისა, გაჭირვებისა და მძიმე შრომისა, ამბობს, რომ არცერთი წუთით ყოფილა უიმედოდ, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავდა. ბოლო ორი წელია კი ამ მედიდურ მთებში მის გარეშე დარჩა.
,,მის გარეშე მარტო ვარ, მიუხედავად ამდენი შთამომავალისა. მაგრამ ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ ჩვენი სიყვარულის ამდენ ნაყოფს. როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია ჩვენს თანაცხოვრებას, ყველა სიყვარულით გავაჩინეთ. მიხარია, მის სახეს ვხედავ თითოეულ მათგანში“ – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ზექიე ბებო.