“საუკუნის ქალები აჭარიდან” – “რეგიონული კვირა” მეოცე საუკუნეში თვითრეალიზებულ 100 წლის ქალებს გაგაცნობთ (ფოტოკოლაჟი)

მეოცე საუკუნეში სახელგანთქმულ და ცნობილ ქალს ზელეიხა ფუტკარაძეს მალე 100 წელი შეუსრულდება. საუკუნის ქალი, რომელზეც ერთ დროს აჭარაში ყველა ლაპარაკობდა, ახლა მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და 8 შვილთაშვილს ზრდის.
წლების წინ თუ ქალები ძირითადად დიასახლისები იყვნენ, მათი მოვალეობა ქმრის მსახურება და შვილების მოვლა-პატრონობა იყო, ზულეიხამ საუკუნეების განმავლობაში ქვეყანაში არსებული სტერეოტიპები დაარღვია და ოჯახთან ერთად ფერმერობას მიჰყო ხელი. მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არც 6 შვილის აღზრდა აღმოჩნდა. შუახეველმა ქალმა 2000 კვადრატულ მეტრზე 1000 კილოგრამი თამბაქო გააშენა. მალე სოფელშიც გაითქვა სახელი და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზეც მოხვდა.
ამბობს, რომ შრომა ყოველთვის უფასდებოდა. გარდა იმისა, რომ ლენინის ორდერის ჯილდოს მფლობელი იყო, ერთი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც გახდა.
,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი უქმად ყოფნა იყო. ყველაზე მეტად თავს კარგად ხელსაქმის კეთებასას და ფერმერობაში ხედავდა. თამბაქოს წარმოებასთან ერთად, ცხვრებსაც უვლიდა და მატყლსაც ამუშავებდა, ამაში ქმარიც ეხმარებოდა, თუმცა საქმეში მთავარ გადაწყვეტილებებს თავად იღებდა.

“მახსოვს დღეები, როცა აისიდან დაისამდე სახლში არ შემოვდიოდი და ვშრომობდი. ოსმანი (მეუღლე) და შვილებიც გვერდში მედგნენ. მაშინ ცხოვრება მარტივი არ იყო, ასე შეთანხმებულად ვუძღვებოდით ოჯახს. თუმცა კაცი, რომელიც ჭკვიან ქალს დაუჯერებს და მხარში ამოუდგება ყოველთვის გამარჯვებულია. მეც მიყვარდა კარგი რჩევების მიცემა ჩემი ქმრისთვის ისიც მიჯერებდა, 6 შვილი 11 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი იმ პრინციპით აღვზარდე რომ ოჯახში მთავარი ერთმანეთის პატივისცემა, დაფასება და ურთიერთგაგებაა“, – აღნიშნავს ზულეიხა ფუტკარაძე.

ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 29 ქალი ცხოვრობს, მიმდინარე წლის განმავლობაში ერთი საუკუნე კიდევ 34 ქალს შეუსრულდება.
ბათუმელმა ფოტოგრაფმა მარია ჩემ ,,რეგიონულ კვირას“ თავისი გადაღებული 100 წელს გადაცილებული აჭარელი ქალების ფოტოები მიააწოდა.  მარიამ პროექტზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, მაშინ ბუნებრივ სილამაზესა და აჭარაში ცხოვრების ხანგრძლივობის ფორმულას ეძებდა. აღმოჩნდა, რომ ზულეიხას მსგავსად 29 ქალმა სოფლებს, ხეობებსა და ქალაქებს ბევრი სარგებელი მოუტანა:
ისინი არიან ქალები, რომლებმაც გასულ საუკუნეში თავი დაიმკვიდრეს, როგორც საუკეთესო ფერმერები, მედდები, მასწავლებლები, ხელოვანი ქალები აჭარიდან. 

 

ფოტოგრაფი: maria che
ავტორი: ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები