ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში ჩაის კრეფა დაიწყო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში ჩაის კრეფა დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს.
სამუშაო პროცესს ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ჭიათურის მერი გივი მოდებაძე გაეცნენ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქვაციხის ჩაის თაიგული“ 12 ჰექტარზეა გაშენებული.
კოოპერატივმა ქართული ჩაის აღორძინება 4 წლის წინ, სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაი” ფარგლებში, დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და ამავე პროგრამის დაფინანსებით სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა თანამედროვე მინი ფაბრიკა, რომლის დახმარებითაც უმაღლესი ხარისხის შავ ჩაის აწარმოებს.
ასევე,აღნიშნულმა კოოპერატივმა მონაწილეობა მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და გაიმარჯვა, რის შედეგადაც ევროკომისიისგან 10 000 ევრო გადაეცა გრანტის სახით. აღნიშნული თანხით კი კოოპერატივმა
ერთჯერადი დასაფასოებელი დანადგარი შეიძინა.
ქართული ჩაის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კოოპერატივმა მინი ფაბრიკა ააშება, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით ხდება ნედლეულის გადამუშავება. 2020 წელს 5 ტონა მზა პროდუქტის მიღებას ელოდებიან, ეს დაახლოებით 24 ტონა ნედლეულის მიღებაზეა გათვალისწინებული.
ამ დროისთვის საწარმოში 70 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება და კიდევ დამატებით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
რაც შეეხება მზა პროდუქციის წარმოების მიმართულებით, „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ ხელმძღვანელების განცხადებით, მომავალში გათვალისწინებულია მწვანე ჩაის დამზადება, ასევე შეძენილი აქვთ სპეციალური დანადგარი როილერი, რომლის მეშვეობითაც აპირებენ ნატურალური საბავშვო ჩაის წარმოებას.