30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 260 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
ამ დროისთვის “ცხელების ცენტრებში” 29 პირია მოთავსებული, რომელთა კვლევის პასუხებიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობას 3 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს. კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 61-მა პაციენტმა.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს (იმპორტირებული) დადასტურდა. დღემდე რეგიონში ვირუსი 71 ადამიანს დაუდგინდა. აჭარაში კორონავირუსის შედეგად 2 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინში 1438 პირი იმყოფება. საკარანტინე სივრცეები კი, რეგიონის მასშტაბით, უკვე 5555-მა პირმა დატოვა.