მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ძირითადად ბოლნისის რაიონში ფიქსირდება, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რომ ეს ზრდა შეზღუდვების მოხსნის შედეგად არის განვითარებული
“კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ძირითადად ბოლნისის რაიონში ფიქსირდება. ამ ეტაპზე იმის თქმა ძნელია, რომ შეზღუდვების მოხსნის შედეგად არის განვითარებული ეს გაზრდა”,- ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კითხვას – “შესაძლებელია თუ არა, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნასთან იყოს დაკავშირებული”.
ეზუგბაიას თქმით, დაინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა ძირითადად ბოლნისის ორ სოფელში ფიქსირდება, სადაც კონტაქტების მოძიება და დიაგნოსტირება ხდება.
„გაზრდილი შემთხვევები ძირითადად არის ბოლნისის რაიონიდან. ანუ, ძირითადად, ეს არის ბოლნისის რაიონში არსებული კონტაქტების დადასტურებული შემთხვევა და მათი გამოვლენა. წყაროს შიგნით ხდება ეს. ამ ეტაპზე იმის თქმა ძნელია, რომ შეზღუდვების მოხსნის შედეგად არის განვითარებული ეს გაზრდა. ერთი დღე 38 შემთხვევაა, მეორე დღეს არის სამი-ოთხი და ა.შ. ორ სოფელში – გეტასა და მუშევანში ხდება ახალი პაციენტების მოძიება და მათი დიაგნოსტირება. ძალიან კარგია, რომ მათი მოძიება ხდება. მათი დაკარგვა უფრო საფრთხილო და საშიში იქნებოდა, ვიდრე ამ ეტაპზე მათი მოძიება.
გამოდის, რომ ბოლნისის რაიონის კვლევა წარმოებს. დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებმა მოგახსენეს, რომ ამ რაიონში ძალიან ჭირს მოსახლეობასთან ურთიერთობა, მათთან კონტაქტი და კონტაქტების მოძიება. ეს ცოტა რთულია, მაგრამ კარგია, რომ მაინც ხდება. ეს არ არის მრავალმოსახლე სოფლები და ამ სოფლების გამოკვლევა თავიდან ბოლომდე არ არის რთული, უბრალოდ, ამას სჭირდება დრო. დროში ეს თანდათანობით მოხდება, რაც მთავარია, ეს არ გადის ბოლნისის გარეთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.