მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ბოლნისის რაიონს უკავშირდება, ნაწილი კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით დაინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის კლასტერს, ძირითადად კი სოფლებს – გეტასა და მუშევანს უკავშირდება.
მისივე თქმით, კიდევ 8 პაციენტი დაავადებულ პირებთან კონტაქტით დაინფიცირდა, ხოლო 2 დადასტურებული შემთხვევა საკარანტინე სივრცეებიდან გადმოიყვანეს.
„გუშინდელი მონაცემებით იყო 677 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გვყავს 695 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული იყო – 419, ამ ეტაპზე, მხოლოდ ექვსი დაგვემატა და არის – 425. დღეს, ამ მონაცემების შეჯერებით, 258 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში. 155 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ამჟამად, მკურნალობაზე მყოფ დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით. 18 ახალი შემთხვევიდან რვა არის ბოლნისის რაიონიდან. ძირითადად, ეს არის სოფელი გეტა და მუშევანი. შემდეგი რვა არის დაავადებულებთან კონტაქტები. ანუ, დადასტურებულ, უკვე დაავადებულებთან კონტაქტები. მხოლოდ ორი არის ახალი დადასტურებული, რომელიც შემოსულია საკარანტინო სივრციდან. ბოლნისის რვა შემთხვევიდან ოთხი ჩვენთან არის მოთავსებული, დანარჩენები სხვა ცენტრებში. გუშინ მოგახსენეთ, რომ ჩვენ მოვათავსეთ ოთხი პაციენტი დადასტურებულის ოჯახის წევრები. ოთხივე დადასტურდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.