გიორგი კახიანი: მმართველი პარტია ჩვეულებისამებრ გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ოპოზიციის ბოიკოტი ამ პროცესებზე გავლენას ვერ იქონიებს
“მმართველი პარტია ჩვეულებისამებრ გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ოპოზიციის ბოიკოტი ამ პროცესებზე ვერანაირ გავლენას იქონიებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ოპოზიციის მიერ ბოიკოტის რეჟიმის გაგრძელების გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.
ამასთანავე, ვიცესპიკერის თქმით, ის ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავს იმაში, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმის გაგრძელებას აპირებს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს მათთვისვე არ იქნება სიკეთის მომტანი.
„საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მათ ბოიკოტის რეჟიმი უნდა გააგრძელონ, ეს, ცხადია, მათი გადასაწყვეტია, თუმცა მათთვის რაიმე სიკეთის მომტანი ეს არ იქნება იმიტომ, რომ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა მოუტანა მათ ასეთ რეჟიმში ყოფნამ – მხოლოდ საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდენდნენ ამით. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება, თუ “ნაციონალური მოძრაობის” ჯგუფიც ჩაერთვება ამ პროცესში და საპარლამენტო განხილვებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. ეს ვერანაირად გავლენას ვერ იქონიებს ხელისუფლების მიერ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.