კახა ოქრიაშვილი: არც ადრე დავუჭირე მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს და არც ახლა დავუჭერ

“ჩემი პოზიცია ნათელია, მე არც ადრე დავუჭირე მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს და არც ახლა დავუჭერ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

როგორც ოქრიაშვილი აღნიშნავს, მაჟორიტარული სისტემა ცუდად არ მიაჩნია და ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდებიან.

„ჩემი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, მე არ მივიჩნევ, რომ ცუდია მაჟორიტარული სისტემა და თუ ცუდია, მაშინ სრულიად უნდა გაუქმდეს. ცუდი რომ იყოს, ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და 91 ქვეყანაში სრულად მაჟორიტარული სისტემა არ იქნებოდა. უმცირესობა ქვეყნებშია სრულად პროპორციული სისტემა. დემოკრატიულობასთან დაკავშირებული კითხვები არ არსებობს, ამიტომ ჩემი პოზიცია ნათელია, მე არც ადრე დავუჭირე მხარი და არც ახლა დავუჭერ.

თუ ეს ხალხი ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, მაშინ სრულად უნდა გავაუქმოთ და თუ ვარგა, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ვარგა, რატომ ვაუქმებთ ან რატომ ვამცირებთ? ვერ ჩავერთვები მე ამ პოლიტიკურ თამაშებში. იმის მიუხედავად, რომ მე არ ვუჭერ მხარს, საერთოდ არ მაქვს სურვილი, რომ პროექტი ჩავარდეს, რადგან პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევა. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია დაუჭერს მხარს.

ვიცი, რომ ენზელ მკოიანი ეწინააღმდეგება ამ პროცესს, ხუთგზის მაჟორიტარია და აბსოლუტური ჩემპიონი ამ მხრივ, მე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, ძალზე რთული იქნება, რომ დაუჭიროს მხარი ამ პროექტს. 5-ჯერ რომ ხარ მაჟორიტარი და ხალხი გირჩევს ხუთჯერ ზედიზედ, ძალიან რთულია, ამ მონაპოვარ ხმებს, ასე ვთქვათ, უღალატო“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები