“ეროვნული გამოცდების ორგანიზებისას უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება გათვალისწინებული”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ეროვნული გამოცდების შესახებ და აღნიშნა, რომ გამოცდების ორგანიზებისას უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება გათვალისწინებული.

მისი თქმით, ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატითა და იმავე დროს, როგორც ტარდებოდა.

„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატითა და იმავე დროს, როგორც ტარდებოდა. ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდების არც ფორმატისა და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში, ივნისში მთელს საზოგადოებას ვაცნობებთ დეტალებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება, შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აბიტურიენტთა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა. 1-ელი მაისის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული; საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 600-ზე მეტს შეადგენს; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3 600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ ეტაპზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები