იმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ი.ზ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ი.ზ.-ს კუთვნილი ფარდულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის არარეგისტრირებული იარაღი: კალაშნიკოვის სისტემის “აკს”-ის და “აკმ”-ის ტიპის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 6 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი და 900 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სისტემის 3 პისტოლეტი, ასევე, “გეკოს” ფირმის თოფი, “ტულას” ტიპის სანადირო თოფი და 30 მეტრი ცეცხლგამტარი ზონარი – ე.წ. ფითილი”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.