ეპიდსიტუაცია საქართველოში – გვაქვს, თუ არა დამშვიდების საფუძველი
ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთეული შემთხვევები ვლინდება, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს. ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება. მიუხედავად ამისა, მედიკოსები ამბობენ, რომ მოდუნების საფუძველი არ გვაქვს და კვლავ ფრთხილად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვირუსით ინფიცირების რისკების შესამცირებლადაა გაცემული.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსი არსად წასულა და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. როგორც იმნაძე აღნიშნავს, ვირუსთან ომი კვლავაც გრძელდება.
„ვირუსი რჩება ჩვენ გვერდით და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ღონისძიება. საბრძოლველად გვაქვს ორი ძირითადი რამ – პირველი, ეს არის სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება.
კორონავირუსთან პირველი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა. ომი გრძელდება“, – აცხადებს იმნაძე.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციას დამშვიდების ტენდენცია აქვს, მაგრამ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ ქვეყანაში covid 19 დამარცხდა.
„ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება „პისიარ“ ტესტირების არეალი. მიუხედავად ამისა, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ დაღმავალია, ანუ მცირდება. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამაოს. ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ covid 19 დავამარცხეთ ქვეყანაში, რადგან თუ ეს ილუზია შეიქმნება და ადამიანები არ დაიცავენ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა (ეს არის სოციალური დისტანცია, ჰიგიენა და სხვა მრავალი), მაშინ შესაძლებელია, ინფექცია ისევ დაბრუნდეს“, – აცხადებს გამყრელიძე.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად არ მიიჩნევა.
„კორონავირუსი დამთავრებულად არ მიიჩნევა. ჯერ კიდევ არის მატება და შემთხვევები. დღეს, მაგალითად, 5 შემთხვევა დაემატა. ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ახლა ჩვენ გავთამამდეთ და მოვიქცეთ ისე, როგორც ვიქცეოდით ადრე. ახლა შეიძლება, ყველაზე დიდი გამოცდა გვაქვს იმიტომ, რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ იმ მხრივ, რომ არ გვყავს ბევრი ინფიცირებული სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასე თუ ისე, ჩვენ კარგად ვმართავთ ამ სიტუაციას, მაგრამ ეს კატეგორიულად არ ნიშნავს იმას, რომ დამთავრდა კორონავირუსი. თუ გავთამამდით, შეიძლება, ინფექცია ისევ გავრცელდეს. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, უნდა შესრულდეს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფექციონისტ მაია ბუწაშვილსაც ესაუბრა. როგორც ექიმი ამბობს, საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია აჩვენებს, რომ, მაღალი ალბათობით, კორონავირუსი უკან იხევს. სხვა მედიკოსების მსგავსად, ბუწაშვილიც აცხადებს, რომ ეს მოდუნების შესაძლებლობას არავითარ შემთხვევაში გვაძლევს.
„„საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან კარგია, თუ შევადარებთ სხვა, განსაკუთრებით – ევროპის ქვეყნებს. შეიძლება, ჩვენზე ცოტა უკეთესი ვითარება იყოს აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. საქართველოში ბოლო დროს შემთხვევათა რაოდენობა ერთეულია დღე-ღამის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან იმედისმომცემია იმიტომ, რომ, მაღალი ალბათობით, ჩვენს ქვეყანაში უკან იხევს კორონავირუსი. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში გვაძლევს მოდუნების შესაძლებლობას.
ჯანდაცვის სისტემაც, სახელმწიფოც და თითოეული ადამიანიც მაინც უნდა იყოს მზადყოფნასა და სიფხიზლის რეჟიმში, რომ შეიძლება, მკვეთრად, უცებ დაიწყოს ისევ შემთხვევების აღმავლობა. ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა კარანტინის შერბილებასთან ერთად, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს იმას, რომ კარანტინის შერბილებას მაქსიმალურად ვეცადოთ.
რაც შეეხება ცალკეულ მოქალაქეებს – სოციალური დისტანცირების პრინციპები მაინც ყველას უნდა ახსოვდეს და არ უნდა მოდუნდნენ. ბოლო დროს, თითქოს, შეიმჩნევა ის, რომ ადამიანებმა შედარებით ნაკლებად დაიწყეს სიფრთხილის ზომების გამოჩენა“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ პანდემიებს ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს და მოსალოდნელია, კორონავირუსის მეორე ტალღა წამოვიდეს.
„პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ჰიგიენური ზომა, რომელიც გაცემული იქნა რეკომენდაციით, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ და, მათ შორის მეც, უნდა შევასრულოთ“, – ამბობს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ყველა წინამორბედი პანდემიის დროს ვირუსები სხვადასხვა მასშტაბითა და სიძლიერით ისევ ბრუნდებოდა.
„რაც შეეხება მეორე ტალღის მოლოდინს – ეს ყოველთვის არის ხოლმე პანდემიების დროს. ჯერჯერობით, მიმდინარე პანდემიაა, მაგრამ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, ეს, რა თქმა უნდა, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ შემდგომში ვირუსი აღარ დაბრუნდება იმიტომ, რომ ყველა წინამორბედი პანდემიის დროს ვირუსები, სხვადასხვა მასშტაბითა და სიძლიერით, ისევ ბრუნდებოდა. სანამ ვაქცინა იქნება, ისევ ბევრი სიფრთხილის ზომა გვაქვს გასატარებელი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
მარინა ენდელაძე ვარაუდობს, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა წამოვა, ისეთი ძლიერი არ იქნება, როგორიც – პირველი.
„გამოთვლებს აკეთებენ ეპიდემიოლოგები, მაგრამ 100 %-ით ვერ ამბობენ – თუმცა ეს შესაძლებელია. არის ამის მოლოდინი, რომ შეიძლება, მეორე ტალღა სექტემბრის თვეში იყოს.
ჩემი პირადი აზრია, რომ ისეთი სიძლიერით არ იქნება. ჩვენთან მაინც კარგად მოგვარდა ეს სიტუაცია. ჩვენზეა დამოკიდებული. შეიძლება, წამოვიდეს მეორე ტალღა, მაგრამ მგონია, რომ მაინც ისეთი მასობრივი არ იქნება მთელს მსოფლიოში, როგორც ეს პირველ ტალღაზე იყო“, – განაცხადა ენდელაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 652-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383, გარდაცვლილია 12 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში 4233 მოქალაქე იმყოფება.
თამუნა შეყილაძე