გარდაბანში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მხარის რწმუნებული გაეცნო
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მოადგილესა და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად პირადად გაეცნო.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგზაო ინფრასტრუქტურა ისეთ სოფლებში ეწყობა, სადაც ამ დრომდე შიდა გზები საერთოდ არ არსებობდა. სოფელ კალინინოში, ნაზარლოში, კრწანისში, ყარაჯალასა და აღთაკლიაში გზების მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ხოლო სოფელ ქესალოში გზების სამშენებლო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის 3 მილიონ 611 ათასი ლარია გამოყოფილი.