კახეთში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს მხარის რწმუნებული გაეცნო
ყვარლის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა მოინახულეს. ირაკლი ქადაგიშვილი და როსტომ სესიაშვილი ფერმერებს შეხვდნენ და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, – “ზრუნვა ფერმერსა და სოფელზე” გააცნეს. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერებისგან საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პრობლემები მოისმინეს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავრობის ახალ ანტიკრიზისულ გეგმას სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იმ ახალ ინიციატივას, ანტიკრიზისულ პროგრამას, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ეს არის ახალი და ძალიან მძლავრი სტიმული კახეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ამ პროგრამით ისარგებლებს არა მხოლოდ ფერმერი და მსხვილი მევენახეობა, არამედ – საშუალო და წვრილი ფერმერი. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა სექტორია მოცული და ამ ყველაფერთან ერთად თითქმის ყველა ფერმერის ინტერესია გათვალისწინებული აღნიშნულ პროგრამაში”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ფერმერების თქმით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელება ბევრ ახალგაზრდას მისცემს მოტივაციას, წამოიწყოს ფერმერული საქმიანობა.