300 მილიონი აგროსექტორს – ვინ რას მიიღებს და რას ფიქრობენ სპეციალისტები მთავრობის ახალ პროგრამაზე

მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დასახმარებლად მთავრობა, დაახლოებით, 300 მილიონ ლარს დახარჯვას. სუბსიდირება და თანადაფინანსება – როგორც მთავრობაში მიაჩნიათ, არის ფერმერებთან თანამშრომლობის ის ფორმა, რომელიც მათ პროდუქტიულობის გაზრდაში უნდა დაეხმაროს. პროგრამა სტარტს 20 მაისს აიღებს და, უკვე მოქმედ პროგრამებთან ერთად, საწვავის, მელიორაციის, ლიზინგის, ხვნის, აგროწარმოებისა და სესხების სუბსიდირება-თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე აცხადებს, მთავრობის მიერ წარმოდგენილმა პროგრამამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მასში ფერმერთა თითქმის ყველა თხოვნა და წუხილია გათვალისწინებული. როგორც ზამბახიძე ამბობს, ცოტა ხნის წინ ფერმერთა ასოციაციამ ჩაატარა სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და თითქმის ყველა ის ნაკლოვანება და საჭიროება, რომელიც კვლევის დროს გამოიკვეთა მთავრობის პროგრამაში გათვალისწინებულია. ზამბახიძეს იმედი აქვს, რომ, ამ პროგრამის რეალიზაციის შედეგად, ადგილობრივი ფერმერების პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად ამაღლდება და, შესაბამისად, გაიზრდება სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში.
“დროულსა” და “საინტერესოს” უწოდებს მთავრობის პროგრამას ეკონომისტი და სტატისტიკის სპეციალისტი, სოსო არჩვაძეც.

„სოფლის მეურნეობა რომ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი სუსტი რგოლია, არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს. ამ დარგში შრომის მწარმოებლურობა, ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, დაახლოებით, ცხრაჯერ დაბალია. თუ გვინდა, რომ ეკონომიკა იყოს მდგრადი შიდა თუ გარე გამოწვევების პირობებში,  აუცილებელია, რომ მისი ყველა რგოლი იყოს პროდუქტიული და კონკურენტული. ჩემი აზრით, მთავრობის მიზანია ის ჩამორჩენა და სისუსტე, რითაც ჩვენი სოფლის მეურნეობა ხასიათდება დავძლიოთ და წინ წავიდეთ. სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 8-9 %-ს არ აღემატება მაშინ, როცა ამ სექტორში სამუშაო ძალის 40 % დასაქმებული. ეს აჩვენებს, რომ უნდა გაიზარდოს დარგში შექმნილი დამატებითი ღირებულების მოცულობა და გამონთავისუფლებული სამუშაო ძალა გადანაწილდეს ეკონომიკის სხვა დარგებში. გარდა იმისა,რომ საკმაოდ სოლიდური თანხაა გამოყოფილი სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პროგრამა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გადანაწილებას ფერმერსა და სახელმწიფოს შორის“, – აცხადებს არჩვაძე.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პროგრამა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გადანაწილებას ფერმერსა და სახელმწიფოს შორის.

„სახელმწიფო ეუბნება ფერმერს –  დაგეხმარები იმდენად, რამდენადაც შენ მიიღებ თანამონაწილეობას, ეს ნიშნავს იმას, რომ დახმარებას, ანუ მიღებულ ფინანსებს ფერმერები უფრო ყაირათიანად დახარჯავენ, ვიდრე ამას ადრე აკეთებდნენ. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინ მიღებული ფინანსური დახმარება კახეთში არამიზნობრივად გამოიყენეს და, სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის ნაცვლად, ავტომობილები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინეს. როგორც ჩანს და ასეც არის, რომ ამჯერად დახმარების მასშტაბი მიმბული იქნება ფერმერის ინტერესზე, მის ეკონომიკურ აქტიურობასთან“, – აცხადებს არჩვაძე.

როგორც ცნობილია, მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგრამას ოპონენტებიც გამოუჩდნენ. მათი აზრით, ხელისუფლება მოსახლეობის ერთი ნაწილის ხარჯზე მეორე ნაწილს აფინანსებს და უმჯობესი იქნებოდა, თუ სუბსიდირებისა და ფულადი ინექციების ნაცვლად გადასახადებს დაწევდა ან საწვავზე აქციზის თუ არ გააუქმებდა შეამცირებდა მაინც.

არჩვაძე არ იზიარებს ამ მოსაზრებას. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების სახით მოსახლეობიდად ამოღებული ფულით ფორმირდება და მას სრული უფლება აქვს ეკონომიკის ერთი სეგმენტიდან ამოღებული ფული იმ სეგმენტში მიმართოს რომელსაც დახმარება სჭირდება.

„ასე ხდება მთელს მსოფლიოში და ამაში გასაკვირი არაფერია. საწვავის აქციზის შეტანა ახორციელებენ არა მარტო ის ფიზიკური და იურიდიული პირები რომლებიც აგრალურ სექტორში საქმიანობენ, არამედ – თითოეული ჩვენგანი, როცა საწვავს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავს ვასხავთ. ამ გზით, ანუ აქციზით სახელმწიფოს 400 მილიონზე მეტი აქვს შემოსავალი და არ მგონია, ამ თანხაზე უარის თქმა გამართლებული იყოს, როგორც ამას ოპონენტები ითხოვენ“, – აცხადებს არჩვაძე.

აქვე გთავაზობთ იმ დახმარებებისა და შეღავათების ნაწილს, რომელსაც ფერმერები სახელმწიფოსგან მიიღებენ:

იაფი დიზელი.

0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელები, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელს ბაზარზე არსებულ ფასზე 1 ლარით იაფად მიიღებენ. ლიმიტი 1 ჰა-ზე 150 ლიტრი. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი.

200-ლარიანი დახმარება ფერმერებსა და მცირე მიწიან მეურნეობებს ( 0.25 ჰა – 10 ჰა)

ყველა ფერმერი რეგისტრირებულ მიწის თითო ჰექტარზე მიიღებს 200-ლარიან დახმარებას. მაგალითად, ფერმერი რომელსაც 10 ჰექტარი აქვს დახმარების სახით 2000 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხის ეკვივალეტი ქულა ფერმერს სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხება, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებს. პროგრამის ბიუჯეტია 37 მილიონი ლარი. დახმარებას 200 ათასი ფერმერი მიიღებს.

განულებული სამელიორაციო მომსახურება

42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ. ლარამდე; 42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ფერმერებს ჩამოეწერებათ 5 მლნ. ლარის გადასახადი.
42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჯამურად ჩამოეწერება 13 მლნ. ლარამდე გადასახადი. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მრავალწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება. 1 ჰა-ზე არაუმეტეს 2 500 ლარი – თანადაფინანსება 50%

 50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება 50%;
ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება 50%;
ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება 50%.

სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება ერთწლიანი კულტურებისთვის.

8%-ის ნაცვლად სესხის თანადაფინანსების კომპონენტი ხდება 11%.ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვლად, ხდება 12%.

მერძევეობის ხელშეწყობა.

რძის პირველადი წარმოება – პროცენტული წილი 80% თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის. საბრუნავი საშუალებების კომპონენტი – 5 000 ლარი – 100 000 ლარი, სრული თანადაფინანსება – 17 %, თანადაფინანსების პერიოდი – 6 თვე.

ხელმისაწვდომია მთელი რიგი სადაზღვეო პაკეტები. სადაზღვეო რისკები გულისხმობს სეტყვას, წყალდიდობას, ქარიშხალს, საშემოდგომო ყინვას. მთავრობა მზადაა, ფერმერს, რომლებიც, სადაზღვევო პროგრამით საგებლობას გადაწყვეტს, სადაზღვეო პაკეტი 50-70 პროცენტით დაუფინანსოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები