არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანასა და მიღებას შევძლებთ

“ვფიქრობ, როგორც დავპირდით საზოგადოებას, საგაზაფხულო სესიაზე შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანასა და მიღებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ის დღის წესრიგი და ამოცანები, რაც პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ჰქონდა, ივნისის ბოლომდე ან ივლისის შუა რიცხვებამდე აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ასე რომ, პარლამენტი თავის დასახულ, საგაზაფხულო სესიის გეგმას აუცილებლად შეასრულებს, იქნება ეს საკანონმდებლო მიმართულება თუ საზედამხედველო მიმართულება. მინდა, ხაზგასმით ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ, ძირითადად, ეს იქნება ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ერთი – ეს არის, რა თქმა უნდა, კოვიდპანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, კრიზისული და პოსტკრიზისული პერიოდის პროგრამები, ის ღონისძიებები, რომლებიც ხელისუფლებას გვაქვს დაგეგმილი, ასევე, მათ შორის, ზედამხედველობისა და შეფასების ნაწილი. მეორე პრიორიტეტი იქნება და რჩება რა თქმა უნდა პრიორიტეტად საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ერთად. მთელი ეს პერიოდი ჩვენ გვქონდა ონლაინრეჟიმში სამუშაო შეხვედრები. ასე რომ, თითქმის ყველა დეტალი, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის შეთანხმებული. მე ვფიქრობ, რომ, როგორც დავპირდით საზოგადოებას, ჩვენ ამ სესიაზე შევძლებთ ამ ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანასა და მის მიღებას.

იმედი გვაქვს, რომ სრული ჩართულობა იქნება ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არ არის სტანდარტული ვითარება, ჯერჯერობით პანდემია გრძელდება, ბევრ სახელმწიფოში არის მზარდი სტატისტიკა. კარგია, რომ გავხსნათ ეკონომიკა, კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან რაციონალურად, რომ არ გამოვიწვიოთ სადმე, რომელიმე რაიონში, რომელიმე რეგიონში ჩვენ ეპიდსიტუაციის გაუარესება, რომელმაც შემდეგ შეიძლება, მეორადად დაგვაზარალოს.

ამიტომ აქ არის ძალიან რაციონალური და ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილებები მისაღები. მე მაქვს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან მთელს მსოფლიოში და, ასევე, თვალს ვადევნებ, თუ როგორ მუშაობენ პარლამენტები სხვა ქვეყანაში. ყველგან, ჯერჯერობით, პარლამენტების მუშაობა რჩება შეზღუდული და, რა თქმა უნდა, ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად აღვადგინოთ ჩვენი საქმიანობის ჩვეულებრივი რეჟიმი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო არ იყოს.

„რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობას – თქვენ მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ არის ამოწურული, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ეს მეტწილად იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამსახურები მოგვცემენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები