კახა კალაძე: ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოჰყვა მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, ისინი თავიანთ ტყუილში დარჩებიან, ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი

“ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ძალიან ხარისხიანად იყოს შესრულებული ყველა სამუშაო, რომელიც დღეს ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

„ჩვენ ერთი დღით, ერთი წუთით, ერთი წამით არ შეგვიჩერებია მუშაობა. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სამუშოები ვერ მიმდინარეობდა იმ ტემპით, რაც წლის დასაწყისში იყო. ამას აქვს თავის ახსნა, რადგან მთელი რიგი მიმართულებები სექტორების იყო დაკეტილი არსებული რეალობიდან და პრობლემიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი ამის მიუხედავად, სამუშაოები გრძელდებოდა. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ძალიან ხარისხიანად იყოს შესრულებული ყველა სამუშაო, რომელიც დღეს ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. მინდა, შევეხო რამდენიმე პროექტს და კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ახსნა-განმარტებები ამ სამუშაოებთან დაკავშირებით. დავიწყებდი ჭავჭავაძის გამზირით, რომლის სრული რეაბილიტაციაც გასულ წელს დავიწყეთ. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება. დაწყებული სანიაღვრე სისტემა, წყალი, გაზი საკანალიზაციო სისტემა. ყველაფრის განახლება და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როდესაც ჩვენ სამუშაოები დავიწყეთ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ლოკაციად დაგვეყო ჭავჭავაძის გამზირი, რადგან მთლიანად ჩაკეტვა შეუძლებელი იქნებოდა. შეიძლება დროში მოგვეგო, მაგრამ ეს გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს გზის ამ მონაკვეთით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ოთხ ლოკაციად დაგვეყო ჭავჭავაძის გამზირი, ეტაპობრივად განგვეხორციელებინა სამუშაოები. ვფიქრობ, ეს იყო სწორი მენეჯერული გადაწყვეტილება, რადგან ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა, მათ ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. თუმცა დისკომფორტს წარმოადგენს, როცა ამდენი ხნის განმავლობაში მტვერია, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც გაგებით ეკიდება ამ მნიშვნელოვან პროექტს. მსიამოვნებს, როდესაც სამუშაოებზე მივდივართ ადგილობრივი მოსახლეობა გვხვდება და მადლობებს გვიხდის, რომ ასეთი მასშტაბური სამუშაოები გამზირზე არ ჩატარებულა არასდროს. ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება საფუძვლიანად, რადგან ახალ გადაგებულ ასფალტზე ხელახლა არ მოხდეს შემდეგ თვეებში სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამიტომ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ უკვე დავიწყეთ უნივერსიტეტის პირველი, მეორე კორპუსიდან მოყოლებული, უკვე ვამზადებთ ამ გზის მონაკვეთს, რათა მოხდეს ასფალტის ბოლო ფენის დაგება, ამისთვის დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება. ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოჰყვა მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას არავის არ მივცემთ და ისინი ისევ თავიანთ სიცრუეში და თავიანთ ტყუილში დარჩებიან როგორც ყოველთვის, ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი. შესაბამისად, სამუშაოები, რომელიც დავიწყეთ არის მნიშვნელოვანი. დაახლოებით 300-მდე საკომუნიკაციო ჭა არის განთავსებული ჭავჭავაძის გამზირზე როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ჭის თავები წამოწეული დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას, შეუძლებელი იქნებოდა და ეს პრობლემას შეუქმნიდა ავტომობილის მძღოლებს. ვინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, დამეთანხმება, რომ სამუშაოების წარმოება ხდება ვიდრე ასფალტის ბოლო ფენა დაეგება გზაზე. ჩვენც მივყვებით ამ კრიტერიუმებს და უკვე იწყება სამუშაოების ბოლო ეტაპი. ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გადათხრილი იყო ქუჩა და მიმდინარეობდა რეაბილიტაცია, უკვე დამთავრებულია. 15 მაისისთვის უკვე ქვედა ფენებში უნდა იყოს მოქცეული ეს კონკრეტული გზის მონაკვეთი და სამუშაოები, რომელიც პირველი კორპუსიდან იწყება მოჰყვება და მთლიანად უკვე მალე დავამთავრებთ ბოლო ფენებში გამზირს. პარალელურად გრძელდება საფეხმავლო და ველობილიკების ბილიკების მოწყობა. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი, რათა ავტობუსმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება და ის, რაც ჩვენ ვთქვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ ანალოგიური პროექტების განხორციელებას, რომ შესაბამისი ავტობუსის ზოლები უნდა გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე, რომ ადამიანებმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ უნდა მოახერხონ კომფორტულად გადაადგილება და კომფორტულად მგზავრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის შექმნის ყველა პირობას, ეს არის ახალი ავტობუსები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები